მთარგმნელისაგან
დეივიდ ლორენსი ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ხნის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შემოიჭრა. ერთ დღეს ჩვენმა პროფესორმა, ნიკო ყიასაშვილმა, ვის ლექციებზე დასწრებაც სტუდენტებს დღესასწაულივით გვიხაროდა, გამოგვიცხადა, რომ მთელი ის ლექცია მხოლოდ დეივიდ ლორენსზე ილაპარაკებდა.
ისე გავიდა საათნახევარი, ვერ გავიგეთ ზარი როდის დაირეკა...
მაშინ ლორენსს ძალიან ცოტა ვინმე თუ იცნობდა საქართველოში. სამწუხარდ, დღესაც თითქმის არაფერი შეცვლილა, რისი უმთავრესი მიზეზიც ალბათ სწორედ ის არის, რომ ქართულ ენაზე ნათარგმნი იგი პრაქტიკულად არ არის. (თუ არ ჩავთვლით პერიოდულ ლიტერატურულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ ერთი- ორ მოთხრობას, რომელთა მთარგმნელებსაც მადლობის მეტი რა ეთქმით).
დეივიდ ჰერბერტ ლორენსი (1885-1930), მეოცე საუკუნის დიდი ინგლისელი მწერალი, პოეტი, მხატვარი, დრამატურგი, ესსეისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, დაიბადა ცენტრალურ ინგლისში, ნოთინჰემშაირის ქალაქ ისტვუდში, ღარიბი მაღაროელის და დაწყებითი სკოლის მასწავლებლის ოჯახში, მეოთხე შვილად.
ნოტინგემის უნივერსიტეტში სწავლისას მისმა პატარა მოთხრობამ: „ლეტიშია“, „გარდიანის“ მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო ნოველამ. აქედან დაიწყო ლორენსის პირველი აღირება.
თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მისი ოთხივე საეტაპო რომანი: „ლედი ჩეთერლის საყვარელი“, „ცისარტყელა“, „ვაჟიშვილები და საყვარლები“ და „თეთრი ფარშევანგი“, აგრეთვე ე.წ. „მცირე პროზა“, რომლებიც მოგვიანებით „განუმეორებელი მხატვრული ღირებულებების მქონე პროზად“ აღიარეს, ლორენსს სრულიად ახალგაზრდას, ოცდაათ წლამდე ასაკში აქვს დაწერილი, მაშინ გასაგები გახდება რაოდენ გამორჩეული დიაპაზონის მქონე მწერალთან გვაქვს საქმე.
მისმა შემოქმედებამ იმთავითვე ააფორიაქა გვიანი ვიქტორიანული ინგლისი, ხოლო თავად ავტორს უამრავი მტერი შესძინა.
ბიუროკრატიული აპარატი ლორენსს ოფიციალურად ებრძოდა, ვერ ეგუებოდა მწერლის აშკარა მანიფესტს ადამიანის სხეულის სრული განთავისუფლებისკენ, რომელიც მიმართული იყო ყალბი ბურჟუაზიული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ. მას ცენზურაც დევნიდა, რადგან სრულიად მცდარად ესმოდა მისი ესთეტიკა.
ლორენსი ხშირად მიმართავდა ფროიდიზმს, თუმცა არასოდეს ყოფილა ფროიდისტი. მისი ესთეტიკის საფუძველი ინსტინქტები და ვნებები იყო, ხოლო ადამიანი, როგორც სამყაროს განუყოფელი ნაწილი, თავისი ბუნებრივი სენსუალური საწყისით, მხოლოდ ბუნებასთან ერთობლიობაში უნდა ყოფილიყო აღქმული.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი ღრმა ფესვებით იყო ლორენსში გამჯდარი, თავად წერდა კიდეც: „I ამ ენგლისჰ, ანდ მყ ენგლისჰნესს ის მყ ვერყ ვისიონ”, ასეთ ვითარებაში მაინც იძულებული გახდა, მიეტოვებინა სამშობლო და მეუღლესთან ერთად ხანგრძლივი დროით გამგზავრებულიყო ემიგრაციაში.
დევნილობის პერიოდმა ძლიერ შეარყია ლორენსის ჯანმრთელობა. ავადმყოფობის მიუხედავად მწერალი სიცოცხლის ბოლომდე ბევრს წერდა, ძირითადად პოეტურ კრებულებს და ესეებს. დეივიდ ლორენსი ორმოცდაოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაშინდელმა ინგლისმა მწერლისადმი გამოქვეყნებულ ნეკროლოგში საბოლოოდ დააფიქსირა თავისი მტრული დამოკიდებულება და მას უხამსი და გახრწნილი მორალის მწერალი უწოდა.
თუმცა, გავიდა წლები და იგივე ინგლისმა, მთელ მოწინავე, წიგნიერ მსოფლიოსთან ერთად, დეივიდ ლორენსი უდიდეს მწერლად აღიარა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა ინგლისურ რომანზე და ფუნდამენტურად შეცვალა იგი.
ინგლისურენოვანი სამყარო დეივიდ ლორენსს და მის შემოქმედებას მრავალი ათეული წელია იცნობს, იგი თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე შესანიშნავი ფილმი, რომლებმაც არა ერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე მოიპოვეს დიდი გამარჯვება. ევროპის ბევრ ქვეყანაში, აგრეთვე შეერთებულ შტატებში, შექმნილია დეივიდ ლორენსის საზოგადოებები და ფონდები. იტალიის პატარა ქალაქ გარდიანოში, სადაც ლორენსი ერთ ხანს დევნილობის ქვეშ იმყოფებოდა, მეცნიერები და ლიტერატურის მკვლევარები მთელი მსოფლიოდან ყოველ წელს იკრიბებიან დიდი მწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერეციაზე...
მე კი ახლაც ყურში მესმის ბატონი ნიკოს სიტყვები: ლორენსი საქართველოში უნდა ითარგმნოს!
თამარ იაშვილი